მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მიერ გაერო-ში დაფიქსირებული პოზიცია სრულ შესაბამისობაშია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მხარდაჭერასთან
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მიერ გაერო-ში დაფიქსირებული პოზიცია სრულ შესაბამისობაშია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მხარდაჭერასთან

საქართველოს მიერ გაერო-ში დაფიქსირებული პოზიცია სრულ შესაბამისობაშია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მხარდაჭერასთან, – ამის შესახებ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„საქართველო იმ რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც მიღებულ იქნა უკრაინის ინიციატივით გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს ის პრინციპებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაერო-ში დაფიქსირებული პოზიციები სრულ შესაბამისობაშია ამ პოზიციასთან, რომელიც უკრაინის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპის მხარდაჭერას უკავშირდება.

„რასაკვირველია, ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია, დაიწყოს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება. მნიშვნელოვანია, დაიწყოს მუშაობა მშვიდობისთვის. აქედან გამომდინარე, იმ ინიციატივას, რომელიც დღეს აშშ-ის მხრიდან მოდის და მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, საქართველო მხარს უჭერს და ესეც აისახა გუშინ ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომლებიც გაჟღერდა და დაფიქსირდა გაერო-ს ფარგლებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.