მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, სტატუსის მინიჭებას უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, სტატუსის მინიჭებას უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან უნგრეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება

ოპოზიციის კრიტიკა ნებისმიერი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციების დაფიქსირებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სპეკულაციურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არანაირი საფრთხე უნგრეთის მხრიდან არ ემუქრება, ვინაიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნგრეთისთვის არის მნიშვნელოვანი საკითხი.

„იმედი გვაქვს, 15 დეკემბრამდე იქნება მიღწეული კონსესუსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საერთო პოზიციაზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, იმ შეხვედრების საფუძველზე, რაც უნგრეთში გავმართეთ, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არანაირი საფრთხე უნგრეთის მხრიდან არ ემუქრება, ვინაიდან უნგრეთისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი საკითხი.

რაც შეეხება თავად ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე წევრი ქვეყანა საკუთარ პოზიციებს ძალიან მტკიცედ აფიქსირებს და ამ პროცესშიც ცდილობს, გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე კონსესუსს მიაღწიოს სხვადასხვა წევრ ქვეყანასთან. ეს არის ნორმალური პროცესი ევროკავშირისთვის და ამ პროცესის თაობაზე სპეკულაციები ნამდვილად არ არის სწორი საქართველოს რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, უნგრეთი არის საქართველოს მხარდამჭერი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ მხარდაჭერის საფუძველზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება იმ პროცესში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

„დღეს უნგრეთის, ისევე როგორც ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყნის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ამ ვიზიტს ახლა, როდესაც დღე-დღეზე ველოდებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა და ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები, პირველ რიგში, მიმართულია სწორედ იმ გადაწყვეტილებისთვის, საქართველოსადმი დამოკიდებულების გასაძლიერებლად, რაც უკავშირდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.