მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ

საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება. ევროპელი პარტნიორების მხრიდან ამ პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე არ იწვევენ საქართველოს წარმომადგენლებს და შემდეგ მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო არ მონაწილეობს ამ ღონისძიებებში.

„ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე როდესაც ვსაუბრობთ, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციულად გამოიყენება მსგავსი განცხადება, თითქოს საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ეს აბსოლუტური მანიპულაციაა. საქართველოს არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი. საუბარია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომ მოლაპარაკებებზე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება ევროკავშირის მხარემ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საკითხის ამგვარად გამოყენება სრული დეზინფორმაცია და მანიპულაციაა. რაც შეეხება კონკრეტულ მოწვევას, ვხედავთ, რომ საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გამოიყენება ერთადერთი მიზნისთვის, ამ ღონისძიებებით როგორღაც მოახდინონ დღის წესრიგის შექმნა. ამ ღონისძიებებზე არ იწვევენ საქართველოს წარმომადგენლებს და შემდგომ მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო არ მონაწილეობს ღონისძიებებში. საქართველოს არანაირად არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ევროინტეგრაცია ჩვენთვის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება და პირიქით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობებს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.