მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო ყურადღებით ადევნებს თავლყურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, მივესალმებით სამშვიდობო შეთანხმებას, რასაც, იმედი გვაქვს, მალე მოეწერება ხელი
ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საქართველო ყურადღებით ადევნებს თავლყურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მივესალმებით სამშვიდობო შეთანხმებას, რასაც, იმედი გვაქვს, მალე მოეწერება ხელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობის განმტკიცებით და სტაბილურობით.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ გავიმეორებთ, საქართველო არის გულწრფელად დაინტერესებული ჩვენს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებით, სტაბილურობით. მოხარული ვართ, რომ 17 აპრილს გვქონდა შესაძლებლობა, გვემასპინძლა სამმხრივი შეხვედრისთვის. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში, როდესაც სამივე ქვეყნის მინისტრების მოადგილეები შეიკრიბნენ თბილისში და განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. ვფიქრობთ, ჩვენ გაქვს პოტენციალი, ამ ფორმატში გავაგრძელოთ თანამრომლობა სამივე ქვეყანას შორის.
რეგიონში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, პარტნიორობა. ერთგვარ შესაძლებლობად შეიძლება განვიხილოთ ის გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც დღეს არის, იმ თვალსაზრისით, რომ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესების დაცვით, მათი ინტერესების გათვალისწინებით განვავითაროთ ფართო თანამშრომლობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან და უფრო მეტად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ ამ მოცემულობაში.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ვიზიტისთვის. იმედი მაქვს, ჩვენ მიმდინარე წელს კიდევ შევხვდებით, კიდევ გექნება შესაძლებლობა, ინტენსიურად ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობას, პარტნიორობას, თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის რეგიონულ ჭრილში უკეთ გამოყენებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.