მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო ყოველთვის თანმიმდევრულია, როცა საქმე ეხება საერთაშორისო ნორმებს, უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ამ პოზიციის დაფიქსირებისგან არასდროს დაგვიხევია უკან
საქართველო ყოველთვის იყო და არის თანმიმდევრული, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ნორმების შესრულებას, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან ამ პოზიციის დაფიქსირებისგან.
„თანმიმდევრულად ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია, აქვს. შესაბამისად, ჩვენთვის დღეს აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართალსა და ნორმებზე, ჩვენთვის ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი პრობლემის შესახებ უნდა შევახსენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენი გამოწვევის შესახებ უნდა ვისაუბროთ. საქართველო სამართლებრივი გზებით ეძებს სამართალს, სამართლებრივი გზებით ცდილობს, დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთა უფლებებიც დარღვეულია ოკუპაციის შედეგად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მომხრეები ვართ კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის, მომხრეები ვართ იმ ძალისხმევის, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. სწორედ ამისთვის იქნა ჩვენ მიერ გამოყენებული ეს პლატფორმა. ყველა მექანიზმი, რაც შემუშავებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უნდა იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამსახურში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.