მაკა ბოჭორიშვილი - საპარლამენტო საქმიანობა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ფაქტობრივად დავასრულეთ, დღეს პრემიერსაც აქვს შესაძლებლობა, მიღწეულ პროგრესზე შარლ მიშელთან ისაუბროს
მაკა ბოჭორიშვილი - საპარლამენტო საქმიანობა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ფაქტობრივად დავასრულეთ, დღეს პრემიერსაც აქვს შესაძლებლობა, მიღწეულ პროგრესზე შარლ მიშელთან ისაუბროს

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო საქმიანობა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ფაქტობრივად დავასრულეთ და განვახორციელეთ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრსაც აქვს შესაძლებლობა, დღეს უკვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბროს იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით

„ქართულ მხარეს ევროკავშირთან კომუნიკაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთეთ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. საპარლამენტო საქმიანობის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად დასრულებულია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკავშირდებოდა 12 რეკომენდაციის შესრულებას და თითქმის სრულად განხორციელებულია. რამდენიმე კენჭისყრაა რეალურად დარჩენილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო საქმიანობა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ფაქტობრივად უკვე დავასრულეთ და განვახორციელეთ. მიზანი იყო, რომ ივნისის ბოლომდე ჩვენ ამის თქმის შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრსაც აქვს შესაძლებლობა, დღეს უკვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ისაუბროს იმ პროგრესზე, რაც გავიარეთ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით და არა მხოლოდ. ერთგვარად, თუკი შესაძლებელია, რომ შეფასდეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მოხდეს ამ ნაბიჯების შეფასება. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისია უკვე მუშაობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებაზე და შემოდგომაზე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც სწორედ ასახავს არა მხოლოდ 12 რეკომენდაციას, არამედ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ პროგრესს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ძალიან რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება დეკემბერში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი ქვეყანა.

„უნდა დაველოდოთ კომისიის ანგარიშს და მიუხედავად იმისა, კომისიის ანგარიში როგორი იქნება, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. დღეს, ივნისის თვეში ძალიან რთულია, წინასწარ ისაუბრო, დეკემბერში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები თითოეულ წევრ ქვეყანაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კომუნიკაცია გვქონდეს ყველა დედაქალაქთან, რათა ვიცოდეთ მათი აღქმები, მათი სურვილები და მოლოდინები გვქონდეს სწორი, როდესაც დეკემბერში საქართველო დაელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება.