მაკა ბოჭორიშვილი - სამუშაო შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვიმსჯელოთ ცხრა ნაბიჯზე, „ლელოს“ სტრატეგიაა, როგორ დააზიანოს ქვეყანა
მაკა ბოჭორიშვილი - სამუშაო შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვიმსჯელოთ ცხრა ნაბიჯზე, „ლელოს“ სტრატეგიაა, როგორ დააზიანოს ქვეყანა

სამუშაო შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვიმსჯელოთ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. „ლელოს“ სტრატეგიაა, როგორ დააზიანოს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, პარლამენტში, დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განვიხილოთ, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ცხრა ნაბიჯს უკავშირდება. ამ შესაძლებლობას ასევე ვაძლევთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, იყვნენ შეხვედრის მონაწილე და მონაწილეობა მიიღონ მსჯელობაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ძალიან საჭირო. განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შედის პარლამენტის კომპეტენციაში ცხრა ნაბიჯიდან. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში არის საკითხები, რომლებიც უშუალოდ განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე ფართო მსჯელობა იყოს. სწორედ ამის შესაძლებლობაა დღეს მოცემული. ვინმე თუ ნანობს ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ეს მისი საქმეა. ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორის ბევრი ორგანიზაციაა და შეუძლებელია, მოიცვა ყველა. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ძალიან ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, ასევე მონაწილეობას იღებენ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში. ეს არის საუკეთესო ფორმატი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავსს შეხვედრებში, ვინაიდან სხვანაირად წარმოუდგენელი იქნება, მოიცვა ყველა ორგანიზაცია. „ლელოს“ აქვს არაჩვეულებრივი სტრატეგია, როგორ დააზიანოს ქვეყანა. არაჩვეულებრივად გამოიყენეს ეს სტრატეგია. ქვეყანას ეძახეს მაჩანჩალა, მაშინ როდესაც მაჩანჩალა არ იყო, იძახეს შავი ხვრელი, როდესაც ასე არ იყო. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა წავიდეს წინ, ყველასთვის ცხადია, რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას გადადგმულმა ნაბიჯებმა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.