მაკა ბოჭორიშვილი - სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის, უკრაინას საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის აქვს
მაკა ბოჭორიშვილი - სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის, უკრაინას საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ყოველთვის აქვს

სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა. ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა.

„დასკვნები, რომლებიც გაკეთებულია ევროკომისიის ანგარიშში, სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს. სამარცხვინოა, როცა საქართველოს ვინმე დააბრალებს, რომ უკრაინასთან მიმართებით რამეში ტყუის. საქართველომ ყველაფერი გააკეთა 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული იმისთვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოველთვის გამოეცხადებინა, ეს მხარდაჭერა უკრაინას საქართველოს მხრიდან ყოველთვის აქვს და ასე გრძელდება. არასდროს ყოფილა, ვერავინ იტყვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში საქართველომ უკრაინას რამეში მხარი არ დაუჭირა. ის, რაშიც ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ასეთივე პოლიტიკა აქვს ევროკავშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, უფრო მეტიც, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს. არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა და დამატებითი უსაფრთხოების გამოწვევების შექმნა. ეს ძალიან ბუნებრივია. ხელისუფლების პირველი მოვალეობაა, ქვეყანას აარიდოს საფრთხეები. ეს არის ჩვენი ვალდებულება და თუკი ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობი კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მისასალმებელი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ხელის შემშლელ ნაბიჯებზე. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ვერ ექნება რამე დათქმები.

„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023  წლებში, ვიდრე ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არაერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რამე დათქმები საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.