მაკა ბოჭორიშვილი - საკმაოდ დიდია ევროპარლამენტართა ჯგუფი, ვინც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მზად არიან, ამ პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანონ
მაკა ბოჭორიშვილი - საკმაოდ დიდია ევროპარლამენტართა ჯგუფი, ვინც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მზად არიან, ამ პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანონ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საკმაოდ დიდია ევროპარლამენტართა ის ჯგუფი, ვინც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისივე თქმით, ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

„საკმაოდ დიდია ევროპარლამენტართა ის ჯგუფი, ვინც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას და მზად არიან, რომ ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანონ მხარდაჭერის გზით. რა თქმა უნდა, აქტუალურია რეკომენდაციების შესრულების საკითხი, ვინაიდან ეს არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის, რომ შემდგომ პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირთან ურთიერთობებში. ჩვენ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და როგორ შეიძლება, მივაღწიოთ ერთიანად წარმატებას, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს სწრაფი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს.