მაკა ბოჭორიშვილი - სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდა და კეთდება, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული
მაკა ბოჭორიშვილი - სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდა და კეთდება, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული

სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდა და კეთდება, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული. თუმცა, მეორე მხრიდან ვხედავთ გაჯიუტებულ მოქმედებას და თვითდაზიანების მუდმივ მცდელობებს, რაც, სამწუხაროდ, სცდება უკვე ექიმების შესაძლებლობებს და სწორედ ამას ვუყურებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიზანია, რომ სააკაშვილი მაქსიმალურად გამოჩნდეს დაზიანებული, თუმცა ადგილი აქვს თვითდაზიანებას.

„ასევე მიზანია, სახელმწიფოს მიადგეს ზიანი და წარმოჩინებული იყოს, თითქოს სახელმწიფო რაიმეს არ აკეთებს. პოლიტიზირებულ საქმეებზე გვესმის, თუმცა, როცა „პოლიტიზირებული საქმეები“ სამართლებრივ ჭრილში გადადის, ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს ვხედავთ – ამ საკითხების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. საერთაშორისო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ვიხილეთ, რომ ვნახოთ, რამდენად ხელოვნურად ხდება სხვადასხვა საკითხის პოლიტიზირება იმისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოს ინტერესები დაზიანდეს. იგივე ხდება ახლაც – თუ სამართლებრივი საკითხები არსებობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს. თუ ისინი ამას არ აკეთებენ, ე.ი. არსებობს არამყარი საფუძვლები იმისათვის, რომ ეს უფლება იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.