მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ ვინმესთან კონსულტაციები გავიაროთ
მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ ვინმესთან კონსულტაციები გავიაროთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, რათა ვიცოდეთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორი ტიპის საგარეო უწყება გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია არის ის პროცესი, რომელიც სჭირდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, საგარეო უწყების გაძლიერებას, შესაბამისად, ყველანაირი კრიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით არის უადგილო.

„ცვლილებების მიზანი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყოს უფრო ეფექტიანი და ამ ცვალებად სამყაროში უფრო კარგად შევძლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების წარმოჩენა და დაცვა საზღვარგარეთ. ამისთვის გვჭირდება ეფექტიანი აპარატი, რომელიც იქნება ადგილზე, თბილისში, და საელჩოები, რომლებიც დედაქალაქებში განახორციელებენ მუშაობას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება იმ რესურსის, რა რესურსიც გვაქვს, უფრო ეფექტიანად გამოყენება და, რა თქმა უნდა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს კარგ შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან გარემოში შემოვიდნენ სახელმწიფოს სამსახურში და ემსახურონ საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.