მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მატიე კომბს და ამავე სამინისტროს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, ბენუა ლეროზეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციაზე და რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

მათივე ცნობით, ასევე, განიხილეს დეკემბერში, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში განსახილველი საკითხები და საფრანგეთის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, რათა ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. პარლამენტის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო ახლო მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის შემდეგი რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაჩქარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.