მაკა ბოჭორიშვილი - რუმინეთში საქართველოს ევროინტეგრაციას მკაფიო მხარდამჭერები ჰყავს, შეხვედრებზე საკმაოდ პოზიტიური გზავნილები მოვისმინეთ
მაკა ბოჭორიშვილი - რუმინეთში საქართველოს ევროინტეგრაციას მკაფიო მხარდამჭერები ჰყავს, შეხვედრებზე საკმაოდ პოზიტიური გზავნილები მოვისმინეთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტს სტუმრობს. უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გამართეს რუმინელ კოლეგებთან, საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წევრებთან.

ეკონომიკური მიმართულების და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, მთავარი თემა ევროინტეგრაცია და ის 12 რეკომენდაციაა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ ევროკომისიისგან მიიღო. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შორის საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

„კარგი და ინტენსიური შეხვედრა გვქონდა კომიტეტების წარმომადგენლებთან. გზავნილები იყო საკმაოდ პოზიტიური, რუმინეთში საქართველოს ევროინტეგრაციას ნამდვილად ჰყავს ძალიან მკაფიო მხარდამჭერები. მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას, რათა ჩვენ შევძლოთ რუმინეთის გამოცდილების გაზიარება, რაც მათ აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ყველამ კარგად ვიცით, რომ არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები გამოცდილებას გვიზიარებდნენ და მხარს გვიჭერდნენ. ეს მხარდაჭერა ნამდვილად მოვისმინეთ დღეს, არის სურვილი, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ინტენსიური დიალოგი, რათა საქართველოს ჰქონდეს უფრო მკაფიო მხარდაჭერა რუმინეთისგან. ხვალ ჩვენ გვექნება ღრმა ანალიზის შესაძლებლობა და დისკუსია უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვინც უშუალოდ მონაწილეობს რუმინეთის ოფიციალური პოზიციების ფორმირებაში სხვადასხვა შეხვედრაზე, რაც უკავშირდება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რა პროცესებს გადის საქართველო, რა ეტაპზე ვართ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ასევე მოვისმინოთ მათი ხედვები, რას შეიძლება ველოდოთ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.