მაკა ბოჭორიშვილი - რადიკალიზაციის გზას დამდგარო კოლეგებო, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ოპონირება, ეს არის საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის ოპოზიციაში ყოფნა
დღეს ხელისუფლების მიზანია, საქართველომ, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამისთვის ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში ჭირდება სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, რეფორმები, რაც საქართველოს სწრაფად გახდის სრულად თავსებადს ევროკავშირთან. ეს არის ის მიზანი, რაც ამოძრავებს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსული ოკუპაციის და მრავალი ჰიბრიდული გამოწვევის თანხლებით, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თავის გამოსვლაში ისაუბრა იმის შესახებ, რომ 2022 წლის 24 ივნისის ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი დიდწილად სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას დაუკავშირდა. „ევროკავშირის გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გააჩინა ჩვენი კონსტიტუციური მიზნის – ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა. ერთის მხრივ, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობების გამოყენების შანსი, მეორეს მხრივ, ეს გახლავთ ერთგვარი გამოცდა და გამოწვევა ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური კლასისთვის. მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი დღეს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ცენტრშია – გასაკვირი არ არის.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა ყველა კოლეგის მიმართ, ვინც გასული ორი თვის განმავლობაში ჩაერთო და მონაწილეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ფორმატებში.
„ევროკომისია მომავალ წელს, გაფართოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. ეს არის ის ახალი რეალობა, რომლის წინაშეც საქართველო დგას 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ. ბუნებრივია, რეკომენდაციების შესრულების საკითხი არის ჩვენს ევროპელ კოლეგებთან დიალოგის მთავარი თემა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე. მისი თქმით, ივლისში საქართველომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, გასულ კვირას გაიმართა შეხვედრები ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით და სექტემბერში დაგეგმილია ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მორიგი შეხვედრა და ევროპელი კოლეგების მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოში.
„ეს ყველაფერი ასახავს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ინტენსიურ ხასიათს და მნიშვნელობას. დღეს, ხელისუფლების მიზანია, საქართველომ, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამისთვის ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, რეფორმები, რაც საქართველოს სწრაფად გახდის სრულად თავსებადს ევროკავშირთან.
ეს არის ის მიზანი, რაც ამოძრავებს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსული ოკუპაციის და მრავალი ჰიბრიდული გამოწვევის თანხლებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა თავის გამოსვლაში კითხვით მიმართა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ევროკავშირის რეკომენდაციების მთავარი არსი შეცდომით თარგმნა, დეპოლარიზაცია გაიგო, როგორც ხელისუფლების ნებისმიერი ხერხით შეცვლა და ინსტიტუტების გაძლიერების გზას მათ მოშლაში ხედავს.
„იმის ნაცვლად, რომ ჩაერთონ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესში, მცდელობას არ აკლებენ, რომ მოახდინონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესის სრული დისკრედიტაცია და გააჩინონ რაც შეიძლება ბევრი კითხვა და მცდარი აღქმები საქართველოს ხელისუფლების შესახებ. ძვირფასო რადიკალიზაციის გზას დამდგარო კოლეგებო, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ოპონირება. ეს არის საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის ოპოზიციაში ყოფნა – მხოლოდ ეს შეიძლება ეწოდოს თქვენს დღის წესრიგს. ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია დღეს, ევროკავშირის გადაწყვეტილების ფონზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი და შემდეგ იმის მტკიცება, რომ ამ ქვეყნისთვის სიკეთე გინდათ. ასეთი დღის წესრიგით როცა ხელმძღვანელობთ, ის მაინც ნუ გაკვირვებთ, რომ ქართველი ხალხი გეუბნებათ უარს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.