მაკა ბოჭორიშვილი - პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ეს აზიანებს ქვეყანას
მაკა ბოჭორიშვილი - პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ეს აზიანებს ქვეყანას

პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ეს აზიანებს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე.

„თუ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე ვსაუბრობთ, იქ იყო საინტერესო მომენტი, როდესაც ისევ და ისევ ჩვენი შიდა პოლიტიკა ახდენს ძალიან დიდ გავლენას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და იმ შეფასებაზე, რაც ხდება ქვეყნის გარეთ. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას ეუბნება, რომ არჩევნები არ აღიარონ მხოლოდ იმიტომ, რომ ის დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს პარტნიორებს შორის, რა ხდება, და როდესაც პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და თანამდებობის პირები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, როგორსაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არის დამაზიანებელი. ამას ვერ იგებენ ჩვენი პარტნიორები და რა თქმა უნდა, ამას აქვს ხოლმე შედეგები ჩვენს ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს იმ მოვლენების შეფასება, რასაც ადგილი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში და სწორად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა: „ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.