მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ნამდვილად არის გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, ხელისუფლების ევროკავშირთან დამოკიდებულებას
მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ნამდვილად არის გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, ხელისუფლების ევროკავშირთან დამოკიდებულებას

პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ნამდვილად არის ის გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ხელისუფლების ევროკავშირთან დამოკიდებულებას, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ევროკავშირთან ურთიერთობებში უმაღლეს საფეხურზე იყოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. სწორედ ამის განაცხადია პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, რომ ხაზი გაუსვას ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობას. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომას, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, გამოითქვას ქართული მხარის პოზიციები და მოლოდინები, ასევე მოვისმინოთ ევროკავშირის მხარის მოსაზრებები საქართველოსთან არსებულ საკითხებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.