მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლები გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, მათი საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლები გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, მათი საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს უსმენენ.

„ევროკავშირთან ურთიერთობები და ის გამოცდილებაა პოლიტიკურად განსაკუთრებით საინტერესო და იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც დღეს გვაქვს საუბარი. ალბათ წარსული გამოცდილება განაპირობებდა იმას, რომ მე, როგორც პარლამენტის წევრს, მეკავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ოთხი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, რაღაც წვლილი შემეტანა ამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და ევროინტეგრაციაშიც. ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო იყო ეს ოთხწლიანი პერიოდი, განსაკუთრებით, იმ გამოცდილებით, სადაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საფრთხეებიც, გამოწვევებიც, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ყოველთვის იდგა, მაგრამ უფრო მეტად გამოჩნდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. კარგად გამოჩნდა, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოსთან დაკავშირებით და ვინ რას აკეთებს ამ პროცესში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც „კოლეგები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები ჰქვიათ, გამალებით იბრძვიან სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული.

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენ გვერდით მსხდომი ადამიანები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო სანახავი და არ ვიცი, როგორ შეიძლება, ბედნიერებას გგვრიდეს. ორ დელეგაციაში, რომლებსაც ვხელმძღვანელობდი – ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) დელეგაცია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) დელეგაცია, იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველიც და შესაძლებლობაც, გარკვეული საქმიანობა განეხორციელებინათ, თუმცა ეს საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.