მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიცია მიზანმიმართულად ებრძვის არა მარტო ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ჩვენი შვილების შანსს, იცხოვრონ ნორმალურ სახელმწიფოში
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიცია მიზანმიმართულად ებრძვის არა მარტო ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ჩვენი შვილების შანსს, იცხოვრონ ნორმალურ სახელმწიფოში

აქტიურ ფაზაში გადავიდა ოპოზიციისა და მათი დანამატი ორგანიზაციების მიზანმიმართული კამპანიები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის ცხრა ნაბიჯის შესრულების მიზნებთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ცხადია, რას ემსახურება ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების განგაში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ქვეკუთხედი რომ არის, ამაზე არავინ დაობს და მას რომ კარგად ორგანიზება სჭირდება, ესეც არ არის სიახლე. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არჩევნების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უსაფუძვლო ბოიკოტით დაიწყო, ახალ ეტაპზე გადავიდა. რას ემსახურება ცრუ განგაში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც არ წყვეტთ, მიუხედავად არაერთი განმარტებისა, და პირიქით, ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობთ ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტების ჩართვით ამ სიყალბეში?! საქართველოს მოქალაქეებს ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს შეზღუდავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ. არჩევნების ჩატარებას აქვს თავისი წესი და საგარეო საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუქმნია პრობლემა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების ადმინისტრირების პროცესში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს არცერთ საკონსულოს არ შეუფერხებია მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცედურა.

„უზარზმაზარი ძალისხმევა იხარჯება, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, იყვნენ სათანადოდ რეგისტრირებული. ბოლო არჩევნებზე, 2018 წელს, დაახლოებით, 50 000 ამომრჩევლისთვის გაიხსნა 52 საარჩევნო უბანი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით, მაგრამ იცით, რითი ხართ დაკავებული? მოგზაურობთ ქვეყნიდან ქვეყანაში, ატყუებთ მოქალაქეებს და წინასწარ უნერგავთ უნდობლობას. ეს აბსურდი ემსახურება ერთადერთ მიზანს: გააჩინოთ არასწორი აღქმები და მოახდინოთ არჩევნების დისკრედიტაცია. ამით თქვენ ებრძვით არა მარტო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალს, არამედ, ზოგადად, ჩვენი შვილების შანსს, იცხოვრონ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ყველა იღებს იმ შედეგს, რასაც მოიმკის და საკუთარ წარუმატებლობას სხვებს არ აბრალებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.