მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიღების მნიშვნელობა, ასოცირების დღის წესრიგი და ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესი აღინიშნა.

ხაზი გაესვა საქართველოს პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მხარეებმა, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული მრავალწლიანი, მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ასევე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლები მიესალმნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

დელეგაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იაპ ფრედერიკსი, ევროპული სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის კოორდინატორი ივეტე სეპესი და სამინისტროს ევროკავშირისა და ევროპის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.