მაკა ბოჭორიშვილი - ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ სამ ტელევიზიას უარი ეთქვა მოლდოვაში აკრედიტაციაზე, ამ ფაქტის შესახებ ევროსაბჭოს წევრებმა იცოდნენ
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში შეხვედრა საქართველოსთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით ვითარდება, უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების თაობაზე“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, შეუძლებელია ყურადღების გრეშე დარჩეს დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ.
„დემოკრატიაზე საუბრისას შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება. შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ – რამდენად შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ორმაგ სტანდარტებს მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა ჩემი გამოსვლისას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, როდესაც საუბარია ხალხის მხარდაჭერაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, პირველ რიგში, წარმოადგენს ნებისმიერი საზოგადოების, ნებისმიერი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს.
„გარდა ამისა, არჩევნები არის ის, რაც, პირველ რიგში, განსაზღვრავს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ვსაუბრობდეთ დემოკრატიულ უკუსვლაზე და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ადამინები ქვეყანაში ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვამ ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.