მაკა ბოჭორიშვილი - მყიფე, დაუცველი უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას, ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ
მაკა ბოჭორიშვილი - მყიფე, დაუცველი უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას, ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ

მყიფე და დაუცველი უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკეთებს.

„ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. რუსეთის აგრესია კვლავ საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას და ნათელია, რომ უსაფრთხოებისა და ერთიანობის უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ევროკავშირისთვის. ასევე აშკარაა, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს, რომ ევროკავშირის სამეზობლოში მიღწეული და შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. უკრაინაში რუსეთის აგრესიის გაუმართლებელმა ომმა წარმოქმნა დამატებითი სისუსტეები ჩვენს რეგიონში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულად რჩება და საქართველოს ორ რეგიონში ჯერ კიდევ განთავსებულია რუსეთის სამხედრო დანაყოფები. ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს ევროპაში განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს. არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელსაც არ იცავს კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა და რომელიც არის ოკუპაციის და თავის ტერიტორიაზე მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლობის პირობებში.

მყიფე და დაუცველი უსაფრთხოების გარემოს მიუხედავად, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის მხარდამჭერ კოლექტიურ მოქმედებებს და ძალისხმევებს, მკაცრად მივდევთ ჩვენს პოლიტიკას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს გავლით არ მოხდეს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.