მაკა ბოჭორიშვილი - მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა მიღწეულ შედეგებზე, რაც საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ლიდერ ქვეყანას ჩვენს რეგიონში
მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, რაც საქართველოს ნამდვილად წარმოაჩენს, როგორც ლიდერ ქვეყანას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს.
„სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა დელეგაციამ, ბევრმა ლიდერმა სხვადასხვა ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, ეს პლატფორმა საქართველომ გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები გაგვეჟღერებინა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს, რასაც სთავაზობს გლობალურად სამყაროს იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ის მიღწევები, რაც ქვეყანას აქვს, უნდა იყოს გაჟღერებული და ყველას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს. სწორედ ამისთვის იქნა ეს პლატოფრმა გამოყენებული. პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში აქცენტი გაკეთდა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, რაც საქართველოს ნამდვილად წარმოაჩენს, როგორც ლიდერ ქვეყანას ჩვენს რეგიონში და სხვადასხვა მიმართულებით ხდის მიმზიდველს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.