მაკა ბოჭორიშვილი - მშვიდობის ძიება და არა კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება არის ერთადერთი ალტერნატივა ევროპის რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის
მაკა ბოჭორიშვილი - მშვიდობის ძიება და არა კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება არის ერთადერთი ალტერნატივა ევროპის რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: საქართველო გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის პროცესები, რა პროცესებსაც გადის ქვეყანა და ის აგრესია, რაც მისი მისამართით, უკვე სამი წელია, ხორციელდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, რათა აღმოიფხვრას ყველა საფრთხე, რაც რისკის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მშვიდობა არის ის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და რომელიც ევროპის რეგიონის შემდგომი განვითარების და როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას ქმნის.

„მნიშვნელოვანია მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები, მშვიდობის ძიება და არა კონფლიქტის, და იმ ვითარების კიდევ უფრო გამწვავება, რა ვითარებაც არის, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ უკრაინაში“, – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.