მაკა ბოჭორიშვილი - მოლოდინია, რომ ევროკომისია ობიექტურად შეაფასებს საქართველოს პროგრესს, ეს მოგვცემს გარკვეულ ხედვას, როგორია ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობები
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ მომავალი ორი კვირა ევროკომისიის დასკვნისა და შეფასების გამოქვეყნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ ევროკომისია ობიექტურად შეაფასებს იმ პროგრესს, რაც საქართველომ განახორციელა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
„ეს მოგვცემს გარკვეულ ხედვას, როგორია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებას და ალბათ, ამ პროცესში სპეკულაციები იქნება ნებისმიერი იდეის შესახებ, ვინაიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ახლა ყალიბდება პოზიციები საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ქვეყნებს მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მოლოდინის შესახებ და პარტნიორ ქვეყნებში ხელი შევუწყოთ საქართველოსთვის სასარგებლო პოზიციის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.