მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმაზე გვქონდეს ევროკავშირის მოსაზრებებიც, შემდეგ გვექნება გეგმის გასაჯაროების შესაძლებლობა
მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმაზე გვქონდეს ევროკავშირის მოსაზრებებიც, შემდეგ გვექნება გეგმის გასაჯაროების შესაძლებლობა

მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გვქონდეს ევროკავშირის მოსაზრებებიც, ვიცოდეთ, რამდენად სწორად არის განსაზღვრული ნაბიჯები და ამის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, გასაჯაროვდეს გეგმა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭოროშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის ყველა წევრის ჩართულობა.

„ევროკავშირში ინტეგრაციის თემებთან დაკავშირებულ განხილვებში ოპოზიციის მონაწილეობას რაც შეეხება, ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების გაცხადებული პოზიცია იყო, ხელი შეეშალათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესისთვის. ახლა რთული სათქმელია, როგორ განვითარდება პროცესები, რა ნაბიჯებს გადადგამენ, როგორ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გადადგეს და მიმართული იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გვქონდეს ევროკავშირის მხარის მოსაზრებებიც, ვიცოდეთ, რამდენად სწორად არის განსაზღვრული ნაბიჯები, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა  უპასუხოს ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულ ცხრა ნაბიჯს და ამის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, გასაჯაროვდეს გეგმა, რათა ყველამ ნახოს ის, რაც უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

მთელი რიგი ქმედებებია დაგეგმილი, ამ ქმედებების ნაწილი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების შესასრულებელი. გარკვეულწილად, შესაძლოა, საჭირო იყოს პარლამენტის ჩართულობაც და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება პროცესში პარლამენტის ყველა წევრის მონაწილეობა. არ ვიცით, ოპოზიცია როგორ უპასუხებს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს და როგორ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.