მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც არსებობს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით
მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც არსებობს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც არსებობს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კოლეგების საქართველოში ვიზიტი, მათი მზაობა, მოუსმინონ ქართულ მხარეს, მთავარი საკითხი არის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

„ევროპის კომიტეტი არის ის კომიტეტი, რომელიც აკეთებს მოსაზრებებს ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის გაფართოების საკითხზე, შესაბამისად, ეს არის ის კომიტეტი, რომელიც საქართველოს საკითხზეც მოამზადებს მოსაზრებას, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება გერმანიის პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების საქართველოში ვიზიტი, მათი მზაობა, რომ მოუსმინონ ქართულ მხარეს. მთავარი საკითხი აქ არის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი, მათი მთავარი ინტერესიც ეს არის, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი საქართველოში, რა საკითხებია ყველაზე მტკივნეული, რა საკითხებია შესრულების პროცესში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ასევე ხედვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, მათ შორის მმართველი პარტიიდან და ამის საფუძველზე ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიციები.

მნიშვნელოვანია განწყობა და მხარდაჭერის სურვილი, რაც არსებობს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, რომ მოისმინონ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, რამდენად გვსურს ქართულ პოლიტიკურ სექტორს ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ. მათი სამუშაო ვიზიტი ხუთ მაისამდე გაგრძელდება.