მაკა ბოჭორიშვილი - მივმართავ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს, გაუგებარია, რა გსურთ, როცა ბრიუსელში ითხოვთ, ხალხს მიენიჭოს სტატუსი და არა ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, ეს არის ყალბი ვაილობიზმი
მაკა ბოჭორიშვილი - მივმართავ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს, გაუგებარია, რა გსურთ, როცა ბრიუსელში ითხოვთ, ხალხს მიენიჭოს სტატუსი და არა ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, ეს არის ყალბი ვაილობიზმი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რთულია, არ დაინახო ოპოზიციის დიდი ნაწილის ძალისხმევა, ევროკავშირში ინტეგრაცია, ქვეყნის სტრატეგიული მიზნის ნაცვლად, გადააქციოს ხელისუფლებისთვის ბრძოლის იარაღად.

როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, ასევე, რთულია არ შეიმჩნიო ის გამალებული კამპანია, რაც მიმართულია საქართველოს ისტორიული, სტრატეგიული არჩევანის – ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის საკითხზე უსაფუძვლო კითხვის ნიშნების გასაჩენად.

„გასული ერთი წლის განმავლობაში ხშირად გვესმის ფრაზა, რომ ევროკავშირმა მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა და ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ფეხბურთის თამაში არ მგონია, და არც იმას ვფიქრობ, რომ მოედნის ერთი ნახევრიდან მეორე ნახევარზე ბურთის გორაობის დრო და ფუფუნება გვაქვს, მაინც მოგმართავთ თქვენ, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან: თუკი ბურთი საქართველოს მხარესაა და ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ, გაითვალისწინეთ, რომ თამაშს მხოლოდ კარგი გუნდი იგებს. მხოლოდ თავდამსხმელი ვერაფერს იზამს, თუნდაც 12 გოლის გატანით, თუ მცველი თავის საქმეს არ გააკეთებს ან მეკარე უფრო მეტ ბურთს გაუშვებს კარში. პარლამენტის ოპოზიციონერო წევრებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება. აქვე მინდა, მივმართო ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს: გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციებს შეადარებთ, და ზედსართავს – „რუსული“ ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთრი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ?

დაბოლოს, ბრიუსელში ძალიან ხშირად მოსიარულე სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს, მინდა, მივმართო. გაუგებარია, რა გსურთ, როდესაც ბრიუსელში ითხოვთ ხალხს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და არა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ყალბი ვაი ლობიზმი. მსგავსი რამ არ არსებობს, ისე როგორც ხელისუფლების გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ლობირებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მე მიჩნდება კითხვა, ქართული საზოგადოების რა ნაწილის დაკვეთით ითხოვთ ასეთ აბსურდს? და ზოგადად, ვინც ასეთი გამალებით ხართ ანტიქართულ კამპანიაში ჩართული, რა დაგიშავათ ასეთი საკუთარმა სამშობლომ, რომ ასე იმეტებთ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში?“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.