მაკა ბოჭორიშვილი - მივმართავ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან, ვინ უფრო უკეთ გაალანძღინებს საკუთარ ქვეყანას უცხოელ მეგობრებს, განწირული ხართ აბსოლუტური მარცხისთვის
მაკა ბოჭორიშვილი - მივმართავ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, ერთმანეთს რომ ეჯიბრებიან, ვინ უფრო უკეთ გაალანძღინებს საკუთარ ქვეყანას უცხოელ მეგობრებს, განწირული ხართ აბსოლუტური მარცხისთვის

ცრუობთ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აბრალებთ, თითქოს დეოლიგარქიზაციის კანონი ჩვენ მოვიგონეთ და მოვარგეთ თქვენს ოლიგარქ მეგობრებს, მაშინ როდესაც ძალიან კარგად იცით, რომ ეს პროექტი უკრაინელი კანონმდებლების დაწერილია და ახლა ვენეციის კომისია შეეცდება, იპოვოს განსხვავება უკრაინულ და ქართულ ვერსიებს შორის, – ასე მიმართა პარლამენტის სესიაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის ნაწილს.

ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ცდილობს, ქვეყანამ წარმატებას ვერ მიაღწიოს, მარცხისთვის არის განწირული.

„ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც, ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და საქართველოს პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. პარალელურად, ინტენსიური კონსულტაციები და კომუნიკაცია გვაქვს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ შეფასდეს და დაჩქარდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როგორც ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და როგორც ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს. ამავდროულად, შეუძლებელია, არ შევაფასოთ, რამდენიმე ჩვენი კოლეგა პარლამენტარის და მათი ხმაურიანი თანამზრახველების ქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს მომენტში არ წყდება საქართველოს ეროვნული ინტერესებით მანიპულირება, სპეკულაციები და საქართველოს ინტერესების საზიანოდ მთელი რიგი კამპანიების წარმოება. იმ კოლეგებს მსურს მოგმართოთ, ერთმანეთს რომ ეჯიბრებით, ვინ უფრო უკეთ გაალანძღინებთ საკუთარ ქვეყანას უცხოელ მეგობრებს და დაუფარავი სიხარულით აფრიალებთ სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებს თუ რეზოლუციებს. თქვენი ქმედებებით აზიანებთ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და, პირველ რიგში, შეურაცხყოფას აყენებთ ქართველ ხალხს. განწირული ხართ აბსოლუტური მარცხისთვის, რადგან სიცრუეს აქვს ვარგისიანობის ძალიან მცირე ვადა, მაგრამ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს რეპუტაციას. მავნებლობთ, როდესაც ცდილობთ, ბრიუსელში ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ საქართველო არაფერს აკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, მაშინ როდესაც პირველი ივლისიდან დღემდე თქვენი კოლეგა პარლამენტარები ძალისხმევას არ იშურებენ ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობისთვის. ცრუობთ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აბრალებთ, თითქოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ჩვენ მოვიგონეთ და მოვარგეთ თქვენს ოლიგარქ მეგობრებს, მაშინ როდესაც ძალიან კარგად იცით, რომ ეს პროექტი უკრაინელი კანონმდებლების დაწერილია და ახლა ვენეციის კომისია შეეცდება იპოვოს განსხვავება უკრაინულ და ქართულ ვერსიებს შორის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როდესაც აცხადებს, თითქოს ევროკომისიამ „ქართული ოცნების“ უმოქმედობის გამო გადადო საქართველოს შეფასება მომავალი წლისთვის.

„საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას, როდესაც ამტკიცებთ, რომ ე.წ. მიტაცებული სახელმწიფოს „მიტაცებული პარლამენტის მიტაცებული წევრები“ ხართ. ბრიუსელიდან ჩამოსულები ცრუობთ, თითქოს ევროკომისიამ ჩვენი უმოქმედობის გამო გადადო საქართველოს შეფასება მომავალი წლისთვის. თუ არ ცრუობთ და უბრალოდ ვერ გაიგეთ, რა გითხრეს ბრიუსელში, მე შეგახსენებთ. ჯერ კიდევ 13 ივლისს, მაშინ, როდესაც თქვენ პარლამენტში სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე უარი განაცხადეთ და ალბათ უკვე ირუჯებოდით, ევროკომისიამ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს შემდეგი შეფასება მოხდება 2023 წელს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის ფარგლებში, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. ცდებით, როდესაც გგონიათ, რომ პოლიტიკურ ქმედუნარიანობა დაკარგულებს ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგეხმარებათ ხალხის აღელვებაში და მათ ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმვაში. სინამდვილეში, ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია. ვერც იმ დოკუმენტს ექნება რაიმე დამაჯერებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პუტინის პატიმარს უწოდებს და ნაცარს გვაყრის თვალებში, ვერც იმ რეზოლუციას ექნება ღირებულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რომლის გამოყენებაც ხდება საქართველოს რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ჩვენი წვლილისა და ძალისხმევის დაკნინებისთვის, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნისთვის, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წინსვლის უკუსვლად შეფასებისთვის. დაბოლოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერავის დავავალდებულებთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვევალება. მოვალეობის გარდა, განსაკუთრებული სიამოვნებაა საკუთარი ქვეყნის გულწრფელი მსახურება. სცადეთ, იქნებ შედეგიც უკეთესი მივიღოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.