მაკა ბოჭორიშვილი - მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, შესაბამისად, არანაირი კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს
ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანები არის ის, რომ ქვეყანამ უსაფრთხო არსებობა შეძლოს და ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს, რა თქმა უნდა, მჭიდრო ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის დღეს, განსაკუთრებით თუ თქვენ გულისხმობთ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას, არ არის მარტივი და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. თუმცა ამ სირთულეებს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ის ობიექტური რეალობა, რაც განაპირობებს სწორედ იმ სირთულეებს, რაც არის დღეს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, აღარ იქნება და ასეთი სიმძაფრით აღარ დადგება დღის წესრიგში გარკვეული საკითხები, რაც იწვევს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის გარკვეულ გაუგებრობებს.
იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს შორის დგას, იყოს გადაწყვეტილი“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად.
„ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. ის არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. შესაბამისად, არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო აღიარება საჭირო არის ქვეყნის და ქვეყანას აქვს ეს აღიარება. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს საქართველოში, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.