მაკა ბოჭორიშვილი - მადლობელი ვიქნებოდი, თუ უკრაინული მხარე გარკვეულ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის მიმართ თანადგომისთვის, რასაც ქართული მხარე აკეთებს
მაკა ბოჭორიშვილი - მადლობელი ვიქნებოდი, თუ უკრაინული მხარე გარკვეულ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის მიმართ თანადგომისთვის, რასაც ქართული მხარე აკეთებს

მადლობელი ვიქნებოდი, თუ უკრაინული მხარე გარკვეულ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის მიმართ თანადგომისთვის, რასაც ქართული მხარე ამ ვითარებაში აკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას: „სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე“.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო რასაც აკეთებს, არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინას ამ ბრძოლაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ აგრესიის პირობებში. ის, რასაც საქართველო აკეთებს, არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, პირველი ამოცანა, რასაც საქართველო ახორციელებს უკრაინის დახმარების მიმართულებით, არ უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, რასაც აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა უკრაინის თამადგომისა და უკრაინის გვერდით ბრძოლაში. შესაბამისად, მე მადლობელი ვიქნებოდი, თუ უკრაინული მხარე ასევე შეხედავს იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა, რასაც საქართველო აკეთებს, რაც ძალიან ხშირად ძალიან რთული გადაწყვეტილებების შედეგია, და გარკვეულ მადლიერებას გამოხატავენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ქართველი ხალხის მიმართ იმ თანადგომისთვის, რასაც ქართული მხარე ამ ვითარებაში აკეთებს.

რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინული მხარე უარყოფს ნებისმიერ მცდელობას ქართული მხარის ომში ჩართვასთან დაკავშორებით, მოხარული ვარ, თუკი უკრაინის ოფიციალური პოზიცია ასეთია და უკრაინის წარმომადგენლის მხრიდან სწორედ ეს პოზიცია ფიქსირდება. უკრაინელი პოლიტიკოსების გამონათქვამებზე დაყრდნობით კეთდება გარკვეული დასკვნები ქართულ საზოგადოებაში, რასაც აქვს ლეგიტიმური საფუძველი, რომ კეთდებოდეს. კიდევ ერთხელ მოხარული ვარ, თუკი უკრაინის ოფიციალური პოზიცია არის ასეთი და ეს მოვისმინეთ სწორედ მათი წარმომადგენლის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.