მაკა ბოჭორიშვილი - მადლიერი ვართ ევროპული პერსპექტივისთვის, ამავდროულად, არ ვმალავთ იმედგაცრუებას ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს არასაჭირო დიფერენციაციის გამო
მაკა ბოჭორიშვილი - მადლიერი ვართ ევროპული პერსპექტივისთვის, ამავდროულად, არ ვმალავთ იმედგაცრუებას ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს არასაჭირო დიფერენციაციის გამო

ამ ურთულეს და არაპროგნოზირებად დროს არ გვაქვს ფუფუნება, გადავდოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც მყარი საფუძველი უნდა შექმნან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ევროპის უკეთესი მომავლის – ჩვენი საერთო მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ და ხელისუფლება მტკიცედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

„ჩვენი კონტინენტის შავ-თეთრად დაყოფა რომ მოგიწიოთ დღეს, სად განათავსებდით ქვეყანას, რომელსაც აქვს მკაფიო ევროპული იდენტობა და ევროპული მისწრაფებები, რასაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს? ქვეყანას, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია, რუსეთის აგრესიას ებრძვის და რომლის ორი რეგიონი ჯერ კიდევ რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული? ქვეყანას, რომელმაც მოახერხა, რეგიონში გამხდარიყო ლიდერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმების გატარებაში, კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით, შექმნა ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი გარემო და აქვს ეკონომიკური წინსვლა, მიუხედავად უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევებისა? ამ ურთულეს და არაპროგნოზირებად დროს არ გვაქვს ფუფუნება, რომ გადავდოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც მყარი საფუძველი უნდა შექმნან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ევროპის უკეთესი მომავლისათვის – ჩვენი საერთო მომავლისთვის.

ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ. მეტიც, ხელისუფლება მტკიცედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომლებიც ევროპულ პერსპექტივასთან ერთად იქნა განსაზღვრული გასულ წელს.

ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭებისთვის და ამავდროულად, არ ვმალავთ იმედგაცრუებას ევროპის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო.

უნდა გადაწყდეს, რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირში ესპანეთის თავმჯდომარეობის დასრულებამდე ჩვენი ქვეყნების შეუქცევადი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და სამივე ასოცირებულ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება არის ერთადერთი გზა ამ მიზნის მისაღწევად და ამისთვის თქვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.