მაკა ბოჭორიშვილი - ლუქსემბურგში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის საგარეო აქტივობების გაგრძელებაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებთან გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია
მაკა ბოჭორიშვილი - ლუქსემბურგში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის საგარეო აქტივობების გაგრძელებაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებთან გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია

ლუქსემბურგში ვიზიტი არის ერთგვარი გაგრძელება საქართველოს პარლამენტის საგარეო აქტივობების, რაც მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხსა და საქართველოს ხედვაზე, როგორ ვხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ვიზიტისას პარტნიორებთან საუბარი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზეც.

„ლუქსემბურგში, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, გვექნება შეხვედრები პარლამენტში. შევხვდებით როგორც პარლამენტის ხელმძღვანელობას, ასევე სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან საგარეო ურთიერთობებში. მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენ მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ასევე იმ ხედვებს, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მათი მხრიდანაც ველოდებით, რომ გვექნება შესაბამისი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.