მაკა ბოჭორიშვილი - ხშირად უცხოელი პარტნიორების მხრიდან ხდება სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება, რაც ქვეყნის საშინაო საქმეებში, მართლმსაჯულებაში ღია ჩარევაა და მიუღებელია
მაკა ბოჭორიშვილი - ხშირად უცხოელი პარტნიორების მხრიდან ხდება სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება, რაც ქვეყნის საშინაო საქმეებში, მართლმსაჯულებაში ღია ჩარევაა და მიუღებელია

ხშირად უცხოელი პარტნიორების მხრიდან სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება ხდება, რაც ქვეყნის საშინაო საქმეებში, მართლმსაჯულებაში ღია ჩარევაა და მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, მოუწოდებენ თუ არა პარტნიორები გვარამიასა და მელიას, გადაიხადონ გირაო.

„ვერ გეტყვით. ზოგადად, ხშირად ვხედავთ, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები, ის, რაც შეეხება კანონის უზენაესობას, კანონის პატივისცემას, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება. ხშირად უცხოელი პარტნიორების მხრიდან ხდება სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება. ეს ღია ჩარევაა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მართლმსაჯულებაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ყველგან. რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც სუვერენული ქვეყანა, მართლმსაჯულებას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თუ ორგანოების მეშვეობით. არსებობს საერთაშორისოდ მიღებული წესები, რომლის მიხედვითაც, ვინმეს რამე თუ არ მოსწონს და ვინმესთვის რამე მიუღებელია, სრული უფლება აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების. წლების განმავლობაში ისიც ვნახეთ, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ დადასტურებულია საერთაშორისო არენაზე და არანაირი სამართლებრივი პრობლემა ამ გადაწყვეტილებებს არ აქვთ ხოლმე. აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი განცხადებებით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ასეთი ჩარევით ხდება სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.