ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დომაგოი ჰაიადუკოვიჩის სპეციალური მოწვევით 8-9 ივნისს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრები ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე, საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანთან და პოლიტიკურ საკითხთა სახელმწიფო მდივანთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან და პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო საქმეთა საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი და დომაგოი ჰაიადუკოვიჩი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
პარლამენტში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ხორვატიის მხარდაჭერის მობილიზება და ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარება, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება.