მაკა ბოჭორიშვილი - ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს ძალა და ევროპარლამენტი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო
მაკა ბოჭორიშვილი - ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს ძალა და ევროპარლამენტი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო

ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით თვითონ გვეუბნებიან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ის ძალა, მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხია „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები“.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ევროპარლამენტის რეზოლუციებს იყენებენ, რათა ქართულ საზოგადოებაში გაჩნდეს მოსაზრება, რომ „ნახეთ, რას ფიქრობენ ევროპელები საქართველოზე“.

„ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რასაც ხმამაღლა არასდროს ამბობენ. ჩვენ გვეუბნებიან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ხომ იცით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ის ძალა, მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არისო. ამას ხმამაღლა არ ამბობენ. მე ვბედავ ახლა და ვამბობ ამას, რაც მერე, შეიძლება, შეფუთონ, თითქოს ევროპულ ინსტიტუტს მივაყენე შეურაცხყოფა. არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ამას თვითონ ამბობენ, ოღონდ ხმამაღლა არა, და ინსტრუმენტად იყენებენ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, რასაც მერე ქართულ საზოგადოებაში, შეიძლება, ერთი ამბავი მოჰყვეს და ქართულ საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ, აი, ნახეთ, როგორ ფიქრობენ ევროპელები საქართველოზე. ეს ძალიან სამწუხაროა, რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს მთავარს – საქართველოში ევროპულ ინტერესს და საქართველოს ევროპულ ინტერესს. ყველაფერი ეს სწორედ ამის წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოში დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს, არის მათი და არა „ქართული ოცნების“ ქმედებები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.