მაკა ბოჭორიშვილი – ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას

15:41, 03.07.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და მის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა.

„უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ განცხადებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში. საქართველოს როლი და პოტენციალი მათთვისაც საინტერესოა. დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს, გაღრმავდეს და ამ ურთიერთობების გაძლიერება ფართო რეგიონისთვის იყოს სასიკეთო. შესაბამისად, ვიზიტი პრეზიდენტის დონეზე, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთობები გავაღრმაოთ ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი