მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ყველაზე კარგი მაგალითი ვართ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან არასწორი აღქმების შექმნა და, ამის შესაბამისად, შემდგომ რაღაც პოლიტიკის გატარება
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ ყველაზე კარგი მაგალითი ვართ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან არასწორი აღქმების შექმნა და, ამის შესაბამისად, შემდგომ რაღაც პოლიტიკის გატარება

ჩვენ ყველაზე კარგი მაგალითი ვართ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან არასწორი აღქმების შექმნა და, ამ არასწორი აღქმების შესაბამისად, შემდგომ უკვე რაღაც პოლიტიკის გატარება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საქართველო არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. ეს ცხადია და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, საქართველოში დაგეგმილი იყო ხელისუფლების შეცვლა. ვინ რა დაგეგმა და სად დაიგეგმა, ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ ამ პროცესში ევროპის და ევროკავშირის ინსტრუმენტად გამოყენება ხდებოდა და ახლაც ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი, რაც ჩვენთვის ეროვნული ინტერესია და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხით შეიძლება ამ ქვეყნის მანიპულირება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, რა შეფასებას გააკეთებს დასავლელი ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ანტიდასავლურ რიტორიკად მიიჩნევენ, რაზეც მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ანტიდასავლურ რიტორიკად შეირაცხა ყველაფერი, რაც მიუთითებდა სიმართლისკენ და რაც მიუთითებდა იმისკენ, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი არ არის ევროკავშირში ყოფნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირში ყოფნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, ამას მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით მივაღწიოთ. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მოდით, ნუ დაველაპარაკებით და ეს შეიძლება იყოს ინსტრუმენტი, რომ აქ რაღაც შევცვალოთ. ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ არ მოხდება დიალოგი ხელისუფლებასთან, რომლის უკანაც დგას ამომრჩეველი, ხალხი, დემოკრატია რასაც ჰქვია. ასე რომ, თუ ბრიუსელი დაიწყებს და გააგრძელებს იმას, რომ დემოკრატიული ხელისუფლების უგულებელყოფა მოხდება, ეს პროცესი იქნება დაზიანებული და საუბარი იმაზე, რომ ნამდვილად არის რაღაც კეთილი მიზნები საქართველოსთან მიმართებაში, უადგილო და არასწორი იქნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ამოსავალი წერტილი არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რაც არის ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, რათა ევროკავშირში ინტეგრაციას მივაღწიოთ.

„ევროკავშირში ინტეგრაციას, ძალიან კარგად ვიცით, რომ სჭირდება ეკონომიკური განვითარება და რეფორმების გატარება. ეს არ არის იაფი რეფორმები, საკმაოდ ძვირადღირებული რეფორმებია. დღეს საქართველო რომ იყოს გერმანიის და საფრანგეთის მსგავსი ქვეყანა, ამას სჭირდება თანხა, რეფორმა, ეკონომიკური განვითარება. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ასეა ეს ყველაფერი. სტაბილურობის და მშვიდობის გარეშე ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახერხებთ, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, შევთავაზოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტი, რისთვისაც მოგვწონს, გვინდა ევროპა და რატომაც მივიჩქარით იქით. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან მოზომილი, სტაბილური განვითარება და პოლიტიკა და, საბედნიეროდ, დღეს მართლაც ჰყავს საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც ასე ადვილად მანიპულირებადი და ასე ადვილად დასაშანტაჟებელი არ არის, რომ რაღაც დამუქრებებით ამოქმედო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, რომ რაღაც მატარებელი მიქრის და თუ ამ მატარებელს გამოვტოვებთ, მერე ჩვენი დრო არასდროს მოვა, თუმცა დღეს კარგად ვხედავთ, რამდენად მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის იმ მატარებელში ჯდომა, რა მატარებელშიც, ვთქვათ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ზის.

„ჩვენ ძალიან სწორად ვიმოქმედეთ ამ დრომდე, ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადავდგით, მიუხედავად იმ კრიტიკისა და სირთულეებისა, რაც დღეს თუნდაც ჩვენ გვაქვს ჩვენ წინ ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით მთავარი, ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოების შენარჩუნება, რაც ნამდვილად იდგა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.