მაკა ბოჭორიშვილი – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, საერთო გამოწვევებსა და თანამშრომლობის საკითხებს.
„პირველ რიგში, ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო. მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, საერთო ხედვებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ.
ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, მათ შორის ეუთო-ს წევრი. საქართველოს წარდგენილი აქვს საკუთარი კანდიდატურა 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანადის მხარდაჭერა. ზოგადად, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება და ყველა მონაწილე ქვეყნის მხრიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან დაკავშირებით საერთო ხედვებსა და საერთო ინტერესებზე.
„საქართველოსთვის ევროკავშირი იცით, რა პარტნიორიც არის. მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ვართ ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების საგანია კანადის და ევროკავშირის ურთიერთობებიც, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა. საუბარი გვქონდა ამ საკითხებზეც, საერთო ხედვებსა და საერთო ინტერესებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.