მაკა ბოჭორიშვილი – ჯო უილსონი საქართველოს წინააღმდეგ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს, სწორედ ამის დემონსტრირებაა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მორიგი ნეგატიური საკითხების შემოტანა

22:46, 07.07.2026

ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც იგივე დღის წესრიგი განავითაროს და სწორედ ამის დემონსტრირებაა უილსონის მხრიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს თემაზე მორიგი ნეგატიური საკითხების დღის წესრიგის შემოტანა“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე დიდი ხანია, ჯო უილსონი საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს და ამავე მიდგომას აგრძელებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული აქტორები იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ, იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი მცდელობა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი