მაკა ბოჭორიშვილი - აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა დახვდა საქართველოსთან მიმართებით, სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს
მაკა ბოჭორიშვილი - აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა დახვდა საქართველოსთან მიმართებით, სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს

იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან, პირველ რიგში, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდეგ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს.

„მქონდა შესაძლებლობა, მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში გავსაუბრებოდი სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ ცხადი და გაცნობიერებულია, რომ ახალ ადმინისტრაციას ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა დახვდა საქართველოსთან მიმართებით. სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან, პირველ რიგში, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების და შემდეგ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ ოფიციალური შეხვედრები არ იმართება დერეფნებში, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მოკლე დროშიც შეძლეს ყურადღების გამახვილება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში დგას.

„ორივე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, კომუნიკაცია გვქონოდა აშშ-ის წარმომადგენლებთან. პირველ დღეს უფრო მეტად კომუნიკაცია შედგა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, მეორე დღეს კი უფრო მეტად საუბარი განხორციელდა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც იყო საკმაოდ შინაარსიანი. მოკლე დროშიც შევძელით ყურადღების გამახვილება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც დღეს დგას საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილს მოლოდინი აქვს, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება.

„იცით, რომ, პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში, მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტში. რა თქმა უნდა, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, უფრო მეტად გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე. გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.