მაკა ბოჭორიშვილი - გზა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვის, ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე
მაკა ბოჭორიშვილი - გზა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვის, ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე

გზა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლამდე გადის ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვის, ჩვენი ხელისუფლების დაუღალავ შრომაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შეძლო ევროკავშირში მიმოსვლა, მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებს გაუხსნა ახალი შესაძლებლობები, ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას.

„ეს ყველაფერი კი არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის, ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველი. ბუნებრივია „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ადამიანების თავისუფალი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამ ვითარების შეცვლის შესაძლებლობა დღეს უკვე შორეული პერსპექტივა აღარ არის. ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და ახლა უკვე ყველას შეგვიძლია ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაში. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებულ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოს უვიზო რეჟიმის წესების დაცვა და ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ და უსაფრთხოდ მიმოსვლა. 2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის ემზადება. იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს იმ სტრატეგიულ მიზანს, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია და რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნება და არჩევანი. საქართველოს მიერ გავლილი რეფორმებისა და ტრანსფორმაციის გზა იმ მიზნამდე, როგორიც იყო უვიზო მიმოსვლა ცხადყოფს, რომ ჩვენ შევძელით და კვლავ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.