მაკა ბოჭორიშვილი – ღონისძიების „მოკავშირეები ანკარაში“ პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი
საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც თავად აქვს უსაფრთხოების გამოწვევები და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია რეგიონში უსაფრთხოების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენს რეგიონზე როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირებადობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია საქართველოს როლის წარმოჩენა, ვინაიდან აქაც უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული პოტენციალის გამოყენებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით ნატო-ს სამიტის პარალელურად ანკარაში გამართული ღონისძიების – „მოკავშირეები ანკარაში“ შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, ნატო-ს სამიტის პარალელურად ეს დისკუსიები არის მნიშვნელოვანი, კარგი პლატფორმა და შესაძლებლობა საქართველოსთვის.
მინისტრის განცხადებით, ღონისძიება აერთიანებს ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ალიანსის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებსა და თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ გააცნოს საკუთარი პოზიციები და ხაზი გაუსვას საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ასევე საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში.
„საქართველოს მოწვევა, მონაწილეობა, სამიტის პარალელურად გამართულ ამგვარ ღონისძიებაში ჩვენთვის ეს არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს პოზიციების შესახებ საუბრისთვის, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმასაც ვიყენებთ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, ჩვენი როლი რეგიონში და უფრო ფართო რეგიონში საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.