მაკა ბოჭორიშვილი – გერმანიის ელჩის ტონი სამწუხაროა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მასთან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ, თუმცა დიდი ხანია, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია

00:47, 27.11.2025

გერმანიის ელჩის ტონი სამწუხაროა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მასთან გვქონდეს ნებისმიერ საკითხზე საუბარი, თუმცა დიდი ხანია, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია, რაც არის სამწუხარო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ერთ-ერთ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ საქართველოს მიმართულებით გაფართოების ფაილი დახურულია“.

ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ პეტერ ფიშერი ასეთი ტონით ესაუბრება იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელშიც გერმანიას წარმოადგენს.

„ასე გვემუქრება ბატონი ელჩი მუდმივად. ასეთი ტონით ესაუბრება იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელშიც წარმოადგენს გერმანიას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად, ელჩის მთავარი მოვალეობა და ფუნქციაა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეუწყოს ხელი. გერმანიის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი ელჩი საქართველოში. გერმანიის სახელმწიფო საზღვრავს, ვინ როდის და რამდენი ხნით უნდა ჰყავდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ არ მოვიმოქმედებთ არაფერს, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ადამიანები არ მოქმედებენ იმ ჩარჩოებში, რაც დადგენილია საერთაშორისო ნორმებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი არიან ამ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ვიღებთ მათ. მეორე მხრივ, მათი მოვალეობაც არის, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან ჰქონდეთ ურთიერთობა.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გერმანიის ელჩთან გვქონდეს საუბარი ნებისმიერ საკითხზე, თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში, საერთოდ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ შეხვედრია, ისე საქმიანობდა ამ ქვეყანაში. თუკი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე მუშაობ და შენი სამუშაო დღის წესრიგი არის ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, შენ მიდიხარ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან სხვადასხვა უწყებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რამ არ ხდება, სულ სხვა დღის წესრიგით მოქმედებს კონკრეტული ქვეყნის ელჩი.

ჩვენ ძალიან დიდ ცვლილებას ვერ დაველოდებით, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კორექტულად, დიპლომატიურ ჩარჩოებში იქნება ეს ურთიერთობები. გადაჭარბებული მოლოდინები ვერ გვექნება სწორედ იმ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია გერმანია, ძალიან ძვირფასია ის ურთიერთობები, რაც აქვს საქართველოს სხვადასხვა სფეროში, ნამდვილად არ გვემეტება იმისთვის, რომ ერთი ან ორი ადამიანის მოქმედებებით ეს ურთიერთობები ისე დავაზიანოთ, რომ შემდეგ შეუძლებელი იყოს მისი გამოსწორება. პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველაფერს, გავაგრძელებთ მაქსიმალურად კონსტრუქციულად და კორექტულად მუშაობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი