მაკა ბოჭორიშვილი - არ შეიძლება, გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსა და ევროკავშირისთვის, ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა
მაკა ბოჭორიშვილი - არ შეიძლება, გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსა და ევროკავშირისთვის, ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა

გამჭვირვალობას აქვს ერთადერთი სტანდარტი, ის ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებაზე, რომ ევროკავშირს არ აქვს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მსგავსი კანონმდებლობა.

„ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი კანონები არ მოქმედებს, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ევროკომისიამ შეიმუშავა დირექტივა, ესეც ცხადია და ევროპარლამენტში განიხილება. მართალია, ის ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა განხილვის პროცესშია. მისი მიზანია, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისთვის შეიქმნას ერთგვარი ჩარჩო, მათ შორის, გერმანიაში არის მსგავსი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიღებული ნებისმიერი კანონი შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეიძლება, გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის. გამჭვირვალობას აქვს ერთადერთი სტანდარტი, ის ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა. ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია, ამის გადამოწმება, ნახვა. ევროკომისია დირექტივებს ტყუილად არ ამზადებს. ევროკომისიის მიერ დირექტივის შემუშავება ნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო პროცესი დაწყებულია და ლოზუნგების დონეზე მისი შეჩერება არ მოხდება ისე, როგორც საქართველოში ჰქონდა ამ საკანონმდებლო პროცესს შეჩერების მცდელობა. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და, დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს. რა თქმა უნდა, ზუსტად რთულია თქმა, როგორი ფორმით, მაგრამ ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც შეეხება გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ამ დირექტივაში დარჩება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.