მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პეტერ სიიარტოს შეხვდა
23 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით.
ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.