მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილესა და UNDP-ს ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ივანა ჟივკოვიჩთან.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებული 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა UNDP-ის ძალისხმევაზე ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„საუბარი შეეხო ქვეყნის როლს რეგიონში, შუა დერეფნის პოტენციალსა და მის მზარდ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების მხარდაჭერის პროცესში UNDP-ს ჩართულობის მნიშვნელობა“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.
UNDP-ს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.