მაკა ბოჭორიშვილი - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის გამოყენება საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად
მაკა ბოჭორიშვილი - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის გამოყენება საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად

ევროკავშირის ქვეყნებში, უმეტესწილად, პარლამენტებში ხდება პოლიტიკის ფორმირება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტების წევრების პოზიციებს სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც, საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონულ შეკრებაში იღებს მონაწილეობას.

მისი თქმით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმა და მასში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის.

„საქართველო არც ისე დიდი ხანია, არის ამ ორგანიზაციის წევრი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ის აერთიანებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას და, პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ეს პლატფორმა გამოყენებული იქნას ჩვენს კოლეგებთან მაქსიმალური კონტაქტისა და საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებისათვის, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უმეტესწილად, პარლამენტებში ხდება პოლიტიკის ფორმირება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში პარლამენტარების პოზიციებს სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განიხილება ფრანკოფონიის ასამბლეის ფარგლებში.

„რა თქმა უნდა, ევროპის მთავარი სატკივარი ჯერ კიდევ არის უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა ევროპაზე. ამ კონტექსტშიც  იქნება მსჯელობა ამ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს სათქმელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს უკრაინის მიმართ განხორციელებული და ხშირად ხდება ხოლმე ამ მხარდაჭერის რაღაცნაირად უგულებელყოფა ჩვენივე ოპონენტების მხრიდან საქართველოში, რაც, შესაბამისად, გავლენას ახდენს ხოლმე ადამიანების მოსაზრებებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კონტექსტშიც გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, ვაჩვენოთ ჩვენს კოლეგებს, თუ რა მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინა საქართველოს მხრიდან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით,  ამ ვიზიტს ასევე გამოიყენებს ორმხრივი შეხვედრებისთვის საბერძნეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ საგარეო და პოლიტიკურ კომიტეტებს.

„გვექნება უფრო დეტალური განხილვის შესაძლებლობა, რათა ჩვენს კოლეგებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა გააკეთა საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ 12 რეკომენდაცია შეესრულებინა. ასევე, გვექნება განხილვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რათა უკვე ამ ფორმით გავაგრძელოთ ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.