მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული მომავლის შემაფერხებელ გარემოებად საქართველოზე მცდარ წარმოდგენებს როცა გვისახელებენ, ახლა უკვე ცხადია, საიდან ჩნდება ასეთი აღქმები, ამაში ფულს ხარჯავს კონკრეტული ძალა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული მომავლის შემაფერხებელ გარემოებად საქართველოზე მცდარ წარმოდგენებს როცა გვისახელებენ, ახლა უკვე ცხადია, საიდან ჩნდება ასეთი აღქმები, ამაში ფულს ხარჯავს კონკრეტული ძალა

ამ ანგარიშების ნახვის შემდეგ, მგონი, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა, რომ კამპანია „თავისუფლება მიშას“ თავის თავში გულისხმობს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, „ყველაფერი, რაც გაკეთდა ვითომცდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, აზიანებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს“.

„დღეს როცა ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე და შემაფერხებელ გარემოებად როდესაც გვისახელებენ მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენებს საქართველოს შესახებ, და მცდარ წარმოდგენებს, ახლა უკვე ცხადია, საიდან ჩნდება ასეთი აღქმები ქვეყანაზე. ამას ხელს უწყობს და ამაში ფულს ხარჯავს კონკრეტული ძალა, რათა არათუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იზრუნონ, არამედ ამისთვის მაქსიმალურად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები და საერთაშორისო მაშტაბით შელახონ ქვეყნის რეპუტაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.