მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტაში, ხშირადაა საუბარი, რომ მათი პოზიციები ხალხის პოზიციებს არ ემთხვევა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპული არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტაში, ხშირადაა საუბარი, რომ მათი პოზიციები ხალხის პოზიციებს არ ემთხვევა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, ხშირად არის საუბარი, რომ პოლიტიკური ელიტის პოზიციები არ ემთხვევა ხალხის პოზიციებს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროპულმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოააშკარავა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დღეს ევროპულ სცენაზე მთავარი პარტიები ისევ უმრავლესობით არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მემარჯვენეებისა და ულტრამემარჯვენეების მიერ კონკრეტულ ქვეყნებში მოპოვებული გამარჯვება, რაც გარკვეულწილად ახდენს და მოახდენს გავლენას ევროპული პოლიტიკის კლიმატზე. მნიშვნელოვანი იქნება ის ნაბიჯები, რომლებიც სწორედ ევროპული არჩევნების შემდგომ გადაიდგმება. ვნახეთ, რომ საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. შემაშფოთებელია, რომ მმართველი პარტიები აღარ არიან ისეთი პოპულარულები და ხალხის ხმა სულ სხვა რამეს ამბობს, ვიდრე ისინი ამბობენ. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ჩამოყალიბდება კოალიციები ევროპარლამენტში, როგორ დაჯგუფდება სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, რამდენად ექნება ამ დაჯგუფებებს გავლენა ევროპარლამენტის პოლიტიკასა და სხვადასხვა საკითხზე პოზიციების ფორმირებაზე. ჯერ კიდევ დიდი პროცესია წინ, რომელი ქვეყანა რომელ პორტფელს მიიღებს და ვინ იქნებიან ახალი კომისრები. ევროპარლამენტში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება ძალთა ბალანსი თავად ევროპარლამენტში. ჩვენს რეგიონთან მიმართებაში რადიკალური ცვლილებები, სავარაუდოდ, არ იქნება, მაგრამ ე.წ. დიდ ქვეყნებში, საფრანგეთსა და გერმანიაში ეს არჩევნები გავლენას იქონიებს. ლიბერალებმა ყველაზე მეტი ხმა დაკარგეს. ისინი მესამე პოზიციას ინარჩუნებენ, მაგრამ თუ სხვაგვარად იქნება გადანაწილებული პოლიტიკური ოჯახები, შეიძლება, მათ ეს პოზიციები დაკარგონ. სხვადასხვა ქვეყანაში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და პირველ ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა, რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება და უფრო მეტად ხალხი მხარს უჭერს მემარჯვენეებს ან ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ პოლიტიკური ელიტის პოზიციები არ ემთხვევა ხალხის პოზიციებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.