მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტარები კარგად აცნობიერებენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს პოლიტიკურ ჟესტს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს ასოცირებულ ქვეყნებს
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტარები კარგად აცნობიერებენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს პოლიტიკურ ჟესტს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს ასოცირებულ ქვეყნებს

მომავალი კვირების განმავლობაში აქტუალური თემა იქნება უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვის საკითხი და ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების თემა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

„რასაც ვისმენთ ჩვენი ევროპარლამენტარი კოლეგებისგან, არის იმედისმომცემი იმ თვალსაზრისით, რომ კარგად აცნობიერებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მხრიდან დღეს ამ პოლიტიკური ჟესტის გაკეთებას, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს ასოცირებულ ქვეყნებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროპელი კოლეგები კარგად ხედავენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს დღეს ევროკავშირის ერთიანობას, მხარდაჭერას და აღიარებას, რომ ასოცირებული ქვეყნები არიან ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველები და ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას მათი გაწევრიანებისთვის.

„ამიტომ მოლოდინი ჩემი არის, რომ ეს განხილვები გაგრძელდება. რა თქმა უნდა, არის წესები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის. რა თქმა უნდა, რიგში დგანან ბალკანეთის ქვეყნები, ჩვენი ევროპელი კოლეგები განიხილავენ ბალკანეთის საკითხსაც, მომავალი კვირების განმავლობაში ეს იქნება აქტუალური თემა უკრაინასთან ერთად, რა თქმა უნდა, საქართველოსა და მოლდოვის საკითხი და ზოგადად, ევროკავშირის გაფართოების თემა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში შეხვედრებს დღეს გააგრძელებს. შეხვედრები დაგეგმილია მაიკლ გალერთან, ანდრიუს კუბილიუსთან, ჟელიანა ზოვკოსთან და იუჟას ოლეკასთან.